English / ქართული / русский /
ნანა მენაბდიშვილი
თვითმოვლითი ქცევა სტუდენტებში

ანოტაცია

წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სტუდენტი ახალგაზრდების თვითმოვლითი ქცევა. ნაშრომი ეყრდნობა სოცილოგიური გამოკვლევით მიღებულ შედეგებს. შესწავლილია თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორები; რესპონდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; ჯანმრთელობის გავლენა თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორებზე; ჯანმრთელობაზე ზრუნვის მეთოდები; სტუდენტთა დამოკიდებულება ისეთი მავნე ჩვევებისადმი, როგორიცაა: თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკული საშუალებები.

საკვანძო სიტყვები: თვითმოვლითი ქცევა, თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორები, ჯანმრთელობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი.

გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან სოციოლოგთა და დემოგრაფთა მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა თვითმოვლითი ქცევის შესწავლას.[1] სწრაფვა, შესწლილ იქნეს ადამიანთა სურვილები საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ნაკარნახევია იმით, რომ ამ სურვილების რეალიზაცია იძლევა გარკვეულ შედეგებს როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე ქვეყნის დემოგრაფიული და ეკონომიკური თვალსაზრისით. ის მნიშვნელოვნად განაპირობებს არა მარტო მოსახლეობის, არამედ მატერიალური დოვლათისა და ერის სულიერი ღირებულებების გამრავლებას. სწორედ ამიტომ, თვითმოვლითი ქცევის შესწავლა დიდ მიღწევად იითვლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხის შესწავლა ახალგაზრდა ასაკში, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძირითადად მისსავე ცხოვრების წესზეა დამოკიდებული. ნაშრონში განხილულია ახალგაზრდების ერთი ჯგუფის – სტუდენტების თვითმოვლითი ქცევა. შედეგები მიღებულია სოციოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე.[2]

თვითმოვლითი ქცევა განიხილება როგორც ქმედებებისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც,  ცხოვრების სრული ციკლის განმავლობაში, მიმართულია ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და სიცოცხლის ვადების გაგრძელებაზე. თვითმოვლითი ქცევა შესაბამისი განწყობის რეალიზაციას წარმოადგენს. მისი შესწავლა ისეთი ინდიკატორებით ხდება,  როგორიცაა: სიცოცხლის ხანგრძლივობის იდეალური, სასურველი და მოსალოდნელი წლები. სიცოცხლის იდეალური ხანგრძლივობის წლები ახასიათებს პიროვნების წარმოდგენას საერთოდ ადამიანის  სიცოცხლის ხანგრძლივობის საუკეთესო წლების შესახებ. რესპონდენტებში  სიცოცხლის იდეალურ ხანგრძლივობად დასახელდა  საშუალოდ 84,8 წელი. მამაკაც რესპონდენტებში სიცოცხლის იდეალური ხანგრძლივობა 3,3-ით მაღალია  ქალ რესპონდენტებთან შედარებით.

სიცოცხლის სასურველი ხანგრძლივობა ყველაზე ახლოს ახასიათებს  ინდივიდუალურ მოთხოვნილებას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და გამოხატავს პიროვნულ უპირატესობას. რესპონდენტებში  სიცოცხლის სასურველმა ხანგრძლივობამ საშუალოდ 83,2 წელი შეადგინა. მამაკაცებთან სიცოცხლის სასურველი ხანგრძლივობა 1,4-ით აღემატება ქალებისთვის სასურველს. სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი  საშუალოდ 78,3 წელია. მამაკაცებში 1,9-ით მაღალია.  

ცხრილი 1.   

თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორები  (საშუალო)

 

სულ

მამაკაცი

ქალი

სიცოცხლის იდეალური ხანგრძლივობა

84,8

86,4

83,1

სიცოცხლის სასურველი ხანგრძლივობა

83,2

83,9

82,5

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა

78,3

79,2

77,3

„დიდხანს სიცოცხლე“ – ეს ნიშნავს იცოცხლოთ

95,7

97,9

93,5

ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ყველა მაჩვენებელში სავარაუდო ვადებზე მამაკაცების წარმოდგენები აღემატება ქალებისას და წინააღმდეგობაში მოდის სტატისტიკურ მაჩვენებლებთან, რადგან სტატისტიკური მონაცემების მიხედვით. პირიქითაა,  ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა აღემატება მამაკაცებისას. ამას გარდა, საკმაოდ მაღლია განსხვავება ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებსა და გამოკვლევით მიღებულ მონაცემებს შორის.[3] ოფიციალური სტატისტიკით  მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 68,6 წელია, ხოლო ქალების – 77,2 წელი.  მამაკაცების მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თითქმის 10 წლით აღემატება სტატისტიკურ მონაცემს, ქალებთან კი განსხვავება მხოლოდ ორი წელია.

მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე რესპონდენტებს განსხვავებული შეხედულება აქვთ თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორებსა და „დიდხანს სიცოცხლეზე“.

ცხრილი 2.

რესპონდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გავლენა თვითშენახვითი ქცევის ინდიკატორებზე ( საშუალო)

 

კარგი

დამაკმაყოფილებელი

ცუდი

არ მიუთითა

სიცოცხლის იდეალური ხანგრძლივობა

85,5

84,8

81,2

80,2

სიცოცხლის სასურველი ხანგრძლივობა

84,4

82,8

78,0

79,2

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა

80,2

77,9

69,5

74,2

„დიდხანს სიცოცხლე“ – ეს ნიშნავს იცოცხლოთ

97,0

95,4

92,2

86,9

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობაა და არა მარტო დაავადების და ფიზიკური დეფექტების არ არსებობა. მიჩნეულია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. მათგან ძირითადად გამოყოფენ: ცხოვრების ჯანსაღ წესს და პირობებს – 48 – 50%, გარემოს – 20 – 22%, გენეტიკურ ფაქტორებს – 18 –  20%, ჯანმრთელობის დაცვის წილს – 12 – 14%(medportal.ge).

ადამიანს ქცევის ისეთი ელემენტები უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული, რომლებიც საშუალებას მისცემს, დაიცვას, შეინარჩუნოს და განამტკიცოს საკუთარი ჯანმრთელობა. ჩვენი რთული დემოგრაფიული, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დანერგვა, რადგან ამ გზით შესაძლებელია მრავალი დაავადების პრევენცია. მით უფრო რომ ცხოვრების წესი დიდ გავლენას ახდენს ზოგიერთი დაავადების ჩამოყალიბებაზე, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა 54 – 55% გამოწვეულია ცხოვრების არაჯანსაღი წესით. მათ შორის გულის იშემიური დაავადებების 60%, ხოლო თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანების -  65%  [1].

მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანს ოჯახში ბავშობის ასაკიდანვე განუვითარდეს. რესპონდენტთა უმრავლესობაში (82,9%) ჯანმრთელობაზე ზრუნვა ბავშვობიდანვე იყო მიღებული. მაგრამ მათ თავად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასაკზე. უმეტესობის აზრით (32,5%) ადამიანმა  საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ათ წლამდე ასაკში უნდა დაიწყოს, არც თუ მცირეა მათი წილი (26,6%), ვისთვისაც ასეთ ასაკად 10–19 წელია მართებულად მიჩნეული. 21,1% ასახელებს 20–39 წელს. 15,4% კი 40 წელზე მეტს. ამგვარი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება განსაზღვრავს, რომ რესპონდენტები მუდმივად არ ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 ცხრილი 3.      

საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა (%)

 

ყოველთვის ვზრუნავ

ხანდახან

ვზრუნავ

ავადმყიფობისას

ვზრუნავ

არ ვზრუნავ

არ უპასუხა

რამდენად ხშირად ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე

29,2

39,9

22,8

7,3

0,8

 

ცხოვრების ჯანსაღი წესი ემყარება რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურება ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას და მოიცავს ღირებულებით ორიენტაციათა მთელ ერთობლიობას, რომელიც თავის გამოხატულებას ცხოვრების წესის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მახასიათებლებში პოულობს.  ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ცალკეული პიროვნების არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ეს განაპირობებს იმას, რომ ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციის შესწავლისას, სხვა საკითხებთან ერთად, არანაკლები მნიშვნელობა სწორედ, მოსახლეობის ჯანმრთელობის  მდგომარეობას  ენიჭება,.

ცხრილი 4 .    

ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევები რესპონდენტებში (%)

               ჯანმრთელობაზე ზრუნვის ჩვევები

               %

სისტემატური სამედიცინო შემოწმება

14,2

კვების სწორი რეჟიმი და ზომიერება

25,2

ჰიგიენური წესების სრული დაცვა

34,3

სისტემატური სპორტული დატვირთვა

13,1

დასვენების რეჟიმი

10,6

დროდადრო ყველაფერს ერთად

0,7

ზოგჯერ სამედიცინო შემოწმებას

0,2

არ არის მითითებული

1,7

იმის მიუხედავად, რომ  მცირეა იმ რესპონდენტების წილი, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, საინტერესოა, რით ხსნიან ისინი ამგვარ ქმედებას.  სახელდება ისეთი  მიზეზები, როგორიცაა: „არაფერში არ მინდა შევიზღუდო თავი“ (10,2%), „არ მყოფნის ნებისყოფა“ (14,0%) და, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,  – „არ ვიცი როგორ ვიზრუნო“ (3,8%). მართალია,  ეს უკანასკნელი რესპონდენტთა საკმაოდ მცირე ნაწილმა დაასახელა, მაგრამ,  დამაფიქრებელია,  რადგან რესპონდენტები არიან სრულწლოვანები და პოტენციური მშობლები, რომლებმაც თვითონ უნდა ასწავლონ საკუთარ შვილებს თვითმოვლის ჩვევები. შეუძლებელია ასწავლო სხვას ის, რაც თავად არ იცი. ის ახალგაზრდები, რომლებიც  აღნიშნავენ, რომ არ იციან როგორ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მის გარშემო მყოფთაც.

ცხოვრების ჯანსაღი წესის უამრავი კომპონენტიდან ერთ-ერთ ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი მავნე ჩვევებზე – თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე – უარის თქმა. ამ მავნე ჩვევების დამანგრეველ გავლენაზე გაფრთხილებებს სხვადასხვა ფორმით იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა პრობლემა კვლავ მწვავეა. საფრთხე დგას დემოგრაფიული თვალსაზრისითაც, რადგან ამ მავნე ჩვევებმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ მომხმარებელთა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის, ფილტვის და სხვა ორგანოების დაავადება, არამედ სხვადასხვა ანომალია დაავადებულ მშობელთა ახალშობილებში, შეაფერხოს ნაყოფის განვითარება ან სულაც უშვილობის მიზეზი გახდეს. ურთულესი დემოგრაფიული ვითარების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად შემცირდეს აღნიშნული ფაქტორების გავლენა ჯანმრთელობაზე.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ამოცანა სწორედ მავნე ჩვევებისადმი – თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები – სტუდენტი ახალგაზრდების დამოკიდებულების გარკვევა იყო. თამბაქოს მომხმარებლები ორივე სქესის რესპონდენტებში არიან. თუმცა გამოიკვეთა ამ მავნე ჩვევისადმი თავის დანებების ტენდენცია, რესპონდენტებში 7,3%-ით შემცირდა თამბაქოს მომხმარებელთა წილი, მამაკაცებში 9,3%-ით, ხოლო ქალებში  5,4-ით.

 ცხრილი 5.                        

თამბაქოს მოხმარება რესპონდენტებში(%)

 

            ოდესმე თუ ეწეოდით

              ამჟამად თუ ეწევით

 

დიახ

არა

არ უპასუხა

დიახ

არა

არ უპასუხა

მამაკაცი

50,4

46,8

2,8

41,1

58,9

0

ქალი

23,6

73,0

3,4

18,2

81,3

0,5

სულ

37,0

59,8

3,1

29,7

70,0

0,3

რესპონდენტებში ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება შეინიშნება. 37% ალკოჰოლურ სასმელს თვეში ერთხელ სვამს, ხოლო 31,1% საერთოდ არ ღებულობს. რაც შეეხება რესპონდენთტა შეფასებას ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისადმი, უმეტესობა (80,0%) მას უარყოფითად აფასებს. ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა (3,6%). ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს 15,9%, ხოლო  0,5% საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს.           

ცხრილი 6.         

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება რესპონდენტებში

მოგიხმარიათ თუ არა ნარკოტიკული საშუალებები

მამაკაცი

ქალი

სულ

გამისინჯავს

32,2

5,9

19,0

ხანდახან მოვიხმარ

7,7

2,0

5,0

ხშირი მომხმარებელი ვარ

2,5

0,4

1,4

არასდროს მომიხმარია

57,1

90,6

73,8

არ არის მითითებული

0,5

1,1

0,8

ჯანმრთელობაზე ზრუნვაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პროფილაქტიკის მიზნით ექიმთან დროულ ვიზიტს. ქვეყანაში განხორციელებულმა საყოველთო ჯანდაცვის დაზღვევამ მნიშვნელოვანი შეღავათი გაუწია მოსახლეობას – ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახადა ყველასათვის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირია თვითმკურნალობის შემთხვევები.

ცხრილი 7          

 ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე

წელიწადში ერთხელ გავდივართ პროფილაქტიკური შემოწმების სრულ კურსს

16,2

ექიმს ვსტუმრობ დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას

38,4

ექიმს უკიდურეს შემთხვევაში მივმართავ

22,8

თვითონ ვმკურნალობ

11,6

ვმკურნალობ ხალხური მედიცინის საშუალებებით

3,2

ვღებულობ წამლებს რომლებსაც ახლობლები მირჩევენ

6,5

არ არის მითითებული

1,3

ვფიქრობთ, იმისთვის რომ მოსახლეობაში, კერძოდ კი, ახალგაზრდებში, ამაღლდეს თვითმოვლითი ჩვევის კულტურა, მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი, მით უფრო, რომ მათ საკმაოდ მძიმე ეკოლოგიურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

     სტუდენტი ახალგაზრდების თვითმოვლითი ქცევის სესწავლისას გამოიკვეთა:

– სტუდენტი მამაკაცების მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თითქმის 10 წლით აღემატება სტატისტიკურ მონაცემებს, ქალებთან კი გამსხვავება მხოლოდ  ორი წელია. ამგვარი განსხვავების ახსნა შესაძლებელია ფსიქოლოგიური ფაქტორით – ქალებისაგან განსხვავებით, მამაკაცებისათვის დამახასიათებელა  პირადი მიღწევების მაღალი შეფასება.

– განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე რესპონდენტებს განსხვავებული შეხედულება აქვთ თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორებსა და „დიდხანს სიცოცხლეზე“. ის რესპონდენტი ვინც თვლის, რომ კარგი ჯანმრთელობა აქვს, სიცოცხლის მოსალოდნელ წელსაც მაღალს ასახელებს.

– საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით არ გამოირჩევიან რესპონდენტები. მათი მხოლოდ მეოთხედზე მეტი ზრუნავს მუდმივად საკუთარ ჯანმრთელობაზე რესპონდენტებს შორის არიამ ისეთები ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ. მიზეზების დასახელებისას გამოიკვეთა მათი არასერიოზული დამოკიდებულება საკირხისადმი, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ არ იციან როგორ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ჩვენი აზრით, ეს მეტად დამაფიქრებელია, რადგან ეს ახალგაზრდები საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ საკუთარ თავს არამედ  გარშემო მყოფთაც.

–  რესპონდენტთა საკმაოდ დიდ ნაწილს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიუღებელი მეთოდები აქვს: ავადობის შემთხვევაში მიმართავს თვითმკურნალობას ან უკიდურეს შემთხვევაში „სტუმრობს“ ექიმს.

– მავნე ჩვევებისადმი სტუდენტ რესპონდენტებს ზომიერი დამოკიდებულება ახასიათებთ, თუმცა ორივე სქესის წარმომადგენლებში დაფიქსირდა თამბაქოს  და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შემთხვევები.

– სტუდენტი ახალგაზრდების თვითმმოვლითი ქცევის შესწავლამ დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი, რათა ახალგაზრდა თაობამ გაითავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა, როგორც პირადად მისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვ. ლორთქიფანიძე, ა. თოთაძე, ერმა ერი უნდა გადაარჩინოს, თბ., 2007, გვ., 100.
  2. გ. წულაძე, საქართველოს დემოგრაფიული წელიწდეული, 2015.
  3. http://www.medportal.ge/


[1] დემოგრაფიულ ლიტერატურაში გამოიყენება თვითშენახვითი“ ქცევა, რაც წარმოადგენს რუსულიდან – „самасохранение» პირდაპირ თარგმანს. ქართველმა დემოგრაფმა ავთანდილ სულაბერიძემ „თვითშენახვითი“ ქცევის ნაცვლად დაამკვიდრა „თვითმოვლითი“ ქცევის ცნება, რაც, ვფიქრობთ ზუსტად ასახავს ამ ცნების შინააარსს.

[2]  2016 წელს დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა  შეისწავლა სტუდენტი ახალგაზრდების თვითმოვლითი ქცევა. სპეციალური კითხვარით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გამოიკითხა 1200 სტუდენტი.

[3]  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შესახებ, გარდა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებისა, არსებობს გაეროს და ექსპერტთა ( გ. წულაძის) მონაცემები. განსხვავება მათ შორისაცაა, კერძოდ გაეროს მონაცემებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებში 71,  ქალებში 79 წელია. გ. წულაძის მონაცემით კი,  მამაკაცებში – 67,4, ქალებში – 76,3 წელია. ოფიციალური სტატისტიკით კი მამაკაცები – 68,6, ქალები – 77,2.